წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. მერის განცხადებით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და ათეული წლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ადაპტირდება, როგორც ,,სამგურალის” ამჟამინდელი ლიგის, ასევე უმაღლესი ლიგის მატჩებზე. სტადიონზე კი, შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების გამართვაც. მისივე განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრველყოფს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს.
პროექტის სრულყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების გაკეთების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთების ხარჯები.
ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.