ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ

834

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. საუბარია გამხმარ და ავარიულ მცენარეებზე, რომლებსაც სანიტარული ჭრა შეეხებათ. თუმცა, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორ ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღის ტერიტორიაზე ხეები არ მოჭრილა, არამედ უკვე წაქცეული დაამუშავეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

“ამის შემდეგ ვაპირებთ აღვრიცხოთ, გავზომოთ. მერე ამას გადავცემთ მერიას, რომელიც შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებს. ეს არის ჩვენი გეგმა სანიტარულ ჭრასთან დაკავშირებით“, – თქვა ზვიად ქარჩავამ.

ზვიად ქარჩავასვე თქმით, ავარიული ხეების ნაწილის შემთხვევაში სანიტარული ამოქოლვა იგეგმება, რაც მცენარეების შენარჩუნებას და მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად. ჯერჯერობით, როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა ჩვენთან საუბარში, მარკირების პროცესი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც უკვე კონკრეტულად ეცოდინებათ მოსაჭრელი ხეების რაოდენობა.