თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ვინსენტ რეის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ადგილობრივად ხელმისაწვდომი ბიომასის და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით თელავის მუნიციპალიტეტში.
“მერების შეთანხმების” პროგრამაში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი მენეჯერული და ტექნიკური შესაძლებლობები მდგრადი ენერგეტიკული პროექტების შესამუშავებლად, გამოცდილება სრულმასშტაბიანი მდგრადი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, შეზღუდულნი არიან ადგილობრივი ბიუჯეტის სიმცირით. პროექტის მიზანია „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შესასრულებლად, იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით, რომელიც თანხვედრაშია მათ მდგრად ენერგეტიკულ სამოქმედო გეგმებთან. პროექტი თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი შერჩეული მუნიციპალურიშენობის სრული თბო-მოდერნიზაცია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გათვალისწინებით; განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნა შერჩეული შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით); შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სამიზნე ჯგუფებისათვის და ა.შ.“, – თქვა ვინსენტ რეიმ.
პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილია 749 000 ევრო, საიადანაც თელავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 149 000 ევროა.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიაციატივას – „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ შეურთდა ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია.თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამაში 2014 წლიდან არის ჩართული.