გერმანიაში იმერეთის გუბერნატორის ვიზიტი ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა

673

იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ერთკვირიანი მივლინება გერმანიაში ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა.  ამის შესახებ “ნიუპრესი” იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ასევე იყო ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, მისი ვიზიტი ბიუჯეტს  4 415 ლარი დაუჯდა.

ამავე მივლინებაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი, ვიცემერი, ბაღდათის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და სხვა პირები, თუმცა, რა თანხა დაუჯდა მათი ვიზიტი ბიუჯეტს, ეს ინფორმაცია “ნიუპრესს” ჯერჯერობით არ აქვს.

გამოცემის ცნობით, 2018 წელს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირების ხუთი მივლინება ფიქსირდება, სამივლინებო ხარჯებისათვის არასრულ სამ თვეში გუბერნიამ 12 073 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ქუთაისის მერის ვიზიტი ადგილობრივ ბიუჯეტს 10 339 ლარი დაუჯდა.