სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვობს, რომ 2016-2017 წლებში ბათუმის მერია სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებს არგებდა, რის შემდეგაც გამარტივებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და, შესაბამისად, ის იმარჯვებდა კიდევ.
როგორც ირკვევა, საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა „საავტორო კინოს ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზების მომსახურება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 149,998 ლარი, მაშინ, როცა მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2014 და 2015 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში 119,995 ლარს შეადგენდა, 2016 წელს – 149,998 ლარს, ხოლო 2017 წელს უკვე 200,000 ლარი შეადგინა.
როგორც უწყება წერს, შემსყიდველის მიერ ბაზრის კვლევა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ეყრდნობა მხოლოდ ბოლო წლებში მიმწოდებელი ორგანიზაციის მონაცემებს. ტენდერში კი მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ოდენობის შეთავაზებებით გამოვლინდა.
სახელმწიფო აუდიტი ეჭვობს, რომ ტენდერში კონკურენციის არარსებობის მთავარი მიზეზი, შესაძლოა, კონკრეტულ დაინტერესებულ პირზე მორგებული ტექნიკური პირობები იყოს. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფილმების შერჩევა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციისთვის, საერთაშორისო ჟიურის შერჩევა და სხვა.
“მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ფესტივალის ორგანიზატორ კომპანიას ფილმების შერჩევა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო ჟიურის შერჩევა, ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე (2016 წლის 1 სექტემბერი) დასრულებული და გამოქვეყნებული ჰქონდა. შესაბამისად, ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება ფორმალურ ხასიათს ატარებდა”, – წერს სახელმწიფო აუდიტი.
ამ ფესტივალის გარდა, აგრეთვე, შეისყიდა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებისა და ბათუმის ანიმაციური ფილმების VIII საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების მომსახურება. ამ ტენდერებშიც თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა და გამარჯვებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ოდენობის შეთავაზებებით გამოვლინდა.
უწყების ცნობით, კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზების მომსახურების
შესყიდვაზე ხელშეკრულების ღირებულებამ 60,000 ლარი, ხოლო ბათუმის ანიმაციური ფილმების VIII საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე – 29,995 ლარი შეადგინა.
“აღნიშნულ ტენდერებში კონკურენციის არარსებობას, შესაძლოა, სხვადასხვა გარემოება განაპირობებს. მათ შორის, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის საერთაშორისო კულტურული ფესტივალის მომსახურების გამოცდილების მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც შესყიდვის ძირითადი ნაწილი გულისხმობს სატრანსპორტო, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებას”, – წერია აუდიტის დასკვნაში.