ბათუმის მერიამ 2016 წელს 5,092,753 ლარის ოდენობის ხელფასი, პრემია და დანამატი გასცა

828

წინა სტატია

სახელმწიფო აუდისტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის მერიამ “შრომის ანაზღაურების” მუხლით 5,092,753 ლარის საკასო ხარჯი გასწია, საიდანაც თანამდებობრივი სარგო – 2,893,715 ლარს, პრემია – 881,781 ლარს, ხოლო დანამატი 1,317,257 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, 2016 წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ 263,749 ლარი შეადგინა, რაც, უწყების ცნობით, “შრომის ანაზღაურების” მუხლით გაწეული ხარჯების 5.2%-ია.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ჩათვლით, 14.9%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სათანადო ინფორმაციას შესაბამის საჯარო მოხელეზე პრემიის გაცემის მიზანშეწონილობის დასადასტურებლად. როგორც ცნობილია, მოქმედი რეგულაციებით, პრემია არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

რაც შეეხება დანამატს, უწყება წერს, რომ 2016 წელს მერიის თანამშრომლებზე დანამატის სახით გაცემული 1,317,257 ლარი მთლიანი შრომის ანაზღაურების 25.9%-ს შეადგენს, ხოლო თანამდებობრივი სარგოს – 45.5%-ს.

“სამ შემთხვევაში თანამშრომლისთვის დაწესებული დანამატის ოდენობა აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს აღემატება ან თანაბარია. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, რადგან დანამატის გაცემა ხდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მუხლების მითითებით”, წერია აუდიტის დასკვნაში.