2016 წელს ბათუმის მერიამ 1,430,342 ლარი ავანსად გადაურიცხა კომპანიას, რომლის გარანტორი ბანკიც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით უწყებამ გამოკვეთა. როგორც ირკვევა, მერია ავანსის სახით თანხას ურიცხავდა კომპანიას, რომელსაც არც სათანადო გამოცდილება ჰქონდა და ვერც სამუშაოებს ასრულებდა, რის გამოც, საბოლოოდ, მას კონტრაქტი ცალმხრივად შეუწყდა და მილიონნახევარზე მეტის მერიისთვის დაბრუნება დაეკისრა.
საქმე ეხება ერთ-ერთი პროგრამის – „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც ბათუმის მერიამ კონტრაქტი ისე გაუფორმა, რომ არც მისი კვალიფიკაცია გადაამოწმა და არც გარანტორი ბანკის გადამხდელუნარიანობა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. N78-ის უკან, რომლის საერთო ფართი 6,000 კვ.მ-ს შეადგენს, ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი თანამედროვე სამშენებლო, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით უნდა აშენებულიყო. პროექტის საერთო ღირებულება კი 4,430,000 ლარს შეადგენდა.
„მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ მიერ შედგენილი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ექსპერტიზაც ბათუმის მერიამ არ ჩაატარა
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ქვეპროგრამის პირობები შპს „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე განისაზღვრა, რომ ამ პერიოდში მერიას პროექტი ოფიციალურად გადაცემული არ ჰქონდა – 2015 წლის 20 მაისს კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 22 ივნისს, სამინისტრომ პროექტი მერიას მისცა.
მერიამ კი, როგორც აუდიტი წერს, 2015 წლის 9 ოქტომბერს ელექტრონული ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ დოკუმენტაციის ექსპერტიზა და შეფასება არ გაუკეთებია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა, მერიამ ხელშეკრულება მაინც გაუფორმა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სახლები ბაზარზე ნაკლებად გავრცელებული ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა აშენებულიყო. კერძოდ, მშენებლობა უნდა მომხდარიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიით, ხოლო ფასადი ECOROCK-ის მსგავსი ქვით უნდა მოეწყოთ.
როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომლის შეთავაზებულმა ფასმაც 4,279,990 ლარი შეადგინა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.
„კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული შპს „კონვენტის“ მიერ 2012-2013 წლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ. თუმცა, როგორც აუდიტის სამსახური წერს, შპს „კონვენტს“ საცხოვრებელი სახლების ან შენობების მშენებლობის გამოცდილება არ ჰქონია და წარდგენილი ხელშეკრულებებითაც, მას მხოლოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჰქონდა შესრულებული.
ამის შემდეგ „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას დამატებით წარუდგინა კონტრაქტორი კომპანიის – შპს „მეგაპოლის-2012-ის“ წერილი, რომელშიც წერია, რომ შპს „კონვენტმა“ ააშენა სასტუმრო „რამადა“, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად სასტუმრო „რამადას“ მშენებლობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული კონტრაქტის შესრულების სერტიფიკატი მხოლოდ ლანდშაფტის, გამწვანების, სარწყავი და საირიგაციო სისტემის, ელექტროობის, წყლისა და კანალიზაციის აუზის, შადრევნისა და სახანძრო უსაფრთხოების სამუშაოებს ითვალისწინებდა და არა თავად სასტუმროს მშენებლობას. სატენდერო კომისიამ კი არც წერილის ნამდვილობაზე იმსჯელა და არც იმაზე, თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო ეს წერილი გამოცდილების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
აუდიტისთვის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე, ირკვევა, რომ პრეტენდენტს საერთოდ არ ჰქონდა ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიის გამოყენებით მშენებლობის გამოცდილება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახური თვლის, რომ კომპანია სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა და მისი დისკვალიფიკაცია უნდა მომხდარიყო. ამის ნაცვლად კი სატენდერო კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობების შესაბამისად მიიჩნია და „კონვენტ ჯორჯიასთან“ 4,279,990 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
POINT BANK Ltd – გარანტორი ბანკი, რომელიც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი, მაგრამ მისი საგარანტიო წერილის საფუძველზე „კონვენტ ჯორჯიას“ ავანსი ერიცხებოდა
ხელშეკრულების თანახმად, „კონვენტ ჯორჯიას“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღის განმავლობაში – 2016 წლის 14 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა.
ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმის მერიას კონტრაქტორი კომპანიისთვის ავანსი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 38%-ისა, ბანკის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე უნდა გადაერიცხა. თანხის ჩარიცხვა კი უნდა მომხდარიყო სპეციალურ ანგარიშზე საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიისა და ამ თანხით გასაწევი ხარჯების შესაბამისი ხელშეკრულებების, ინვოისების და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. შეთანხმებაში, ასევე, ჩაიწერა, რომ ავანსად მიღებული თანხის განკარგვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალების საფუძველზე უნდა მომხდარიყო.
როგორც ირკვევა, „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK Ltd-ის მიერ 1,626,396 ლარზე გაცემული გარანტია წარუდგინა. გარანტია, ფორმალურად, სს „ბაზისბანკის“ მიერ იყო ავიზირებული, თუმცა, ავიზირების წერილში წერია, რომ „ბაზისბანკი“ არ ფლობს ინფორმაციას გარანტორისა და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე „ბაზისბანკი“ არ იღებს არანაირ ფინანსურ და სხვა სახის ვალდებულებებს ბენეფიციარის წინაშე.
ამის მიუხედავად, „კონვენტ ჯორჯიამ“ 2016 წლის 18 იანვარს, სწორედ ამ გარანტიის საფუძველზე, ავანსის სახით 1,289,623 ლარი მოითხოვა და ბათუმის მერიამაც გადაურიცხა.
აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ისიც ირკვევა, რომ 1,289,623 ლარი არ იყო ბოლო თანხა, რაც „კონვენტ ჯორჯიას“ ბათუმის მერიამ ავანსად მისცა. გაურკვეველი POINT BANK Ltd-ის საბანკო გარანტიის ფარგლებში, მერიამ კომპანიას კიდევ 331,562 ლარის ოდენობით ავანსი მისცა, თანაც მაშინ, როცა უწყებამ უკვე იცოდა, რომ „კონვენტ ჯორჯია“ სახელშეკრულებო ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებდა და ამის გამო შესაბამისი გაფრთხილებებიც ჰქონდა მიღებული.
ტექნიკური ზედამხედველის 2016 წლის 28 აპრილის წერილით ირკვევა, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობდა და დარღვეული იყო გეგმა-გრაფიკი, რაც ობიექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჩაბარებას საფრთხეს უქმნიდა. ერთ თვეში კი, 2016 წლის 16 მაისს, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა „კონვენტ ჯორჯიას“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაოების შესრულების გრაფიკთან ჩამორჩენა საეჭვოს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო სამუშაოების ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ სრული სიმკაცრით გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები.
მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში – 2016 წლის 13 და 18 მაისს ბათუმის მერიამ კომპანიას ავანსის სახით 66,215 ლარი კვლავ გადაურიცხა. „ჯამში საავანსო ანგარიშსწორების ფორმით „კონვენტ ჯორჯიასთვის“ გადახდილ იქნა 1,621,185 ლარი“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
საბოლოოდ, „კონვენტ ჯორჯიას“ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, მისი ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე, 19 ოქტომბერს მაინც შეუწყვეტა. პროექტის დაწყებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე კი, მიმწოდებლის მიერ განხორციელებულია მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება 251,109 ლარის ოდენობით, საიდანაც, ხელშეკრულების შესაბამისად, ავანსად გადახდილი თანხიდან 190,843 ლარი გაიქვითა.
ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ „კონვენტ ჯორჯიას“ 213,999.5 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა და 1,430,342 ლარის საავანსო თანხის დაბრუნება დაეკისრა, თუმცა, კომპანიისა და მისი გარანტორის მიერ არც ერთი ვალდებულება ამ დრომდე შესრულებული არ არის.
მთელ ამ ისტორიაში საინტერესო კიდევ ისაა, რომ ბათუმის მერია „კონვენტ ჯორჯიას“ გარანტორი კომპანიის – POINT BANK Ltd-ის შესახებ ინფორმაციით მხოლოდ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დაინტერესდა.
მერიამ, ინფორმაციის მოძიების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, იურიდიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტირებულ კომპანია „ფლექსიჯობსთან“. სწორედ ამ კომპანიის მიერ მოკვლეული მასალებით აღმოჩნდა, რომ POINT BANK Ltd-ის, დაფუძნებიდან დღემდე, თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი. „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1,430,342 ლარის ზიანი“, – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ასე დასრულდა ერთი უცნაური ტენდერის ისტორია ბათუმში – მილიონნახევრიანი ზარალით, დაუსრულებელი პროექტითა და დაუსჯელი მოხელეებით.