უკონკურენციო ტენდერები ბათუმის მერიაში – ტენდერების 54.1%-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

1414

წინა სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის მერიაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები. უწყება ამბობს, რომ დადებითი შედეგით დასრულებული ტენდერების (კონსოლიდირებული ტენდერების გარეშე) 54.1% მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, უმეტეს შემთხვევაში, არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ შემცირდა.

“ტენდერებზე კონკურენციის არარსებობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია შემსყიდველ ორგანიზაციებში ბაზრის ეფექტური კვლევის პრობლემის გათვალისწინებით”, – წერს სახელმწიფო აუდიტი და იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებმაც უკონკურენციო ტენდერებში გაიმარჯვეს.

უწყების ცნობით, ათი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზით, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება – 26 506 578 ლარი მხოლოდ 0.5%-ით – 26,380,067 ლარამდე შემცირდა.

ათი ყველაზე მაღალფასიანი შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი (ლარებში):
აუდიტის სამსახური, ასევე, აქვეყნებს ინფორმაციას იმ ტენდერების შედეგებისას გაწეული ეკონომიის შესახებაც, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, ათი, შედარებით მაღალბიუჯეტიანი შესყიდვის ანალიზმა, რომელშიც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ამ შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება – 7,054,887 ლარი, 5,840,788 ლარამდე შემცირდა, რამაც საბიუჯეტო სახსრების 17.2%-იანი ეკონომია გამოიწვია.

აუდიტის სამსახურის ცნობით, მერიის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ კვლევა არაკონკურენტული ტენდერების მიზეზების დასადგენად. “მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს არასრულყოფილი დაგეგმვა, ტექნიკური პირობების კონკრეტულ დაინტერესებულ კომპანიაზე მისადაგება, ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ურთიერთშეთანხმება და ა. შ.” – წერს უწყება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ასევე, ეჭვობს, რომ 2016-2017 წლებში ბათუმის მერია სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებს არგებდა, რის შემდეგაც გამარტივებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და, შესაბამისად, ის იმარჯვებდა კიდეც.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, ბათუმის მერიამ, 2016 წლის 1
იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ჯამში 222 ელექტრონული/გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების 27.5% უშედეგოდ დამთავრდა – შეწყდა 6 ტენდერი, არ შედგა 40 ტენდერი და უარყოფითი შედეგით დასრულდა 15 ტენდერი. ეს კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.