დედოფლისწყაროში შტატგარეშე მოსამსახურეებზე 151 ათასი ლარის ხელფასი და 12 ათასის პრემია არარაციონალურად გაიცა

711

წინა სტატია

2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატგარეშე მოსამსახურეებზე 151 ათასი ლარის ოდენობით ხელფასი და 12 ათასი ლარის ოდენობით პრემია გასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს თანხა მუნიციპალიტეტმა არარაციონალურად და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ დახარჯა.

როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 10-12 შტატგარეშე მოსამსახურე იყო დასაქმებული.

ხელშეკრულებების შესწავლით ირკვევა, რომ, გარდა მომსახურების დასახელებისა, ხელშეკრულებების ნაწილი არ შეიცავს დროში განსაზღვრულ რაიმე კონკრეტულ დავალებას და შრომით ურთიერთობებს ხანგრძლივი ვადით, ფაქტობრივად, მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად აწესრიგებს.

“აღნიშნული წინააღმდეგობაშია შტატგარეშე მოსამსახურის დაქირავების პრინციპთან. მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტმა შრომითი ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას”, – წერს აუდიტის სამსახური.

უწყება, ასევე, წერს, რომ შტატგარეშე მოსამსახურეებზე, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ანაზღაურებისა, გაცემულია პრემიაც, რომელიც 2016 წელს, არა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ სადღესასწაულო დღეებშია გაცემული, ხოლო 2015 წელს შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაცემული პრემია ხელშეკრეულებით გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.

კანონმდებლობის თანახმად, დაქირავებულ პირებზე დამატებითი ანაზღაურება (პრემია) შეიძლება გაიცეს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოშობისას, დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული ხარისხით შესრულებისათვის და სხვა შემთხვევებში, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, 2015 წელს შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიის სახით გაცემულია 9.3 ათასი ლარი, მიუხედავად იმისა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებები პრემიის გაცემას არ ითვალისწინებდა. 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ დამქირავებელს უფლება აქვს, შრომის შედეგების მიხედვით გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმა, თუმცა, პრემია – 12.4 ათასი ლარი, გაცემულია სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. სულ 2015-2016 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიის სახით გაცემულია 21.7 ათასი ლარი.

“აუდიტის ჯგუფი შეუსაბამოდ მიიჩნევს შტატგარეშე მოსამსახურეების პრემირებას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აღნიშნული არ არის განპირობებული შესრულებული მოვალეობის ხარისხით და სირთულით. წლის განმავლობაში ერთი და იმავე დავალების შესრულებისათვის შესაძლებელია დაქირავებული იყოს რამდენიმე შტატგარეშე. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პრემირების პრინციპის მიხედვით, დამატებით ანაზღაურებას (პრემია) მიიღებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეების პერიოდში დაქირავებული პირები. შტატგარეშე მოსამსახურეებზე საპრემიო ანაზღაურების გაცემის თითოეული შემთხვევა უნდა უკავშირდებოდეს დამქირავებლის რაციონალურ გადაწყვეტილებას და დაქირავებულის მხრიდან დამატებითი სამუშაოებისა და მოვალეობის განსაკუთრებული ხარისხით შესრულებას. აღნიშნულის შესახებ აუდიტის ჯგუფმა შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და ვერ დარწმუნდა მუნიციპალიტეტის მიერ დამატებითი ანაზღაურების გაცემის მიზანშეწონილობაში. შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიის სახით თანხები გაცემულია საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის უგულებელყოფით”, – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.