დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2 წელში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა

877

ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015-2016 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.

უწყება მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის გამოყენება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით 2 305.7 ათასი ლარი ერიცხებოდა. ამ თანხიდან მუნიციპალიტეტმა 2015 წელს 2 294.3 ათასი ლარის გამოყენება დაგეგმა, თუმცა, წლის ბოლოსთვის ნაშთი მხოლოდ 169.8 ათასი ლარით შემცირდა და, შესაბამისად, 2 135.9 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის, თავისუფალი ნაშთი 852.9 ათასი ლარი იყო.

რაც შეეხება 2016 წელს, მუნიციპალიტეტმა 2 073.2 ათასი ლარის ნაშთის გამოყენება დაგეგმა, თუმცა, წლის განმავლობაში 831.7 ათასი ლარის ოდენობით ნაშთი დაგროვდა და წლის ბოლოს ნაშთად 2 967.6 ათასი ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი 2 367. 7ათასი ლარი დარჩა.

როგორც უწყება წერს, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის ნაშთის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წელს გადასახდელების გეგმა 89.3%-ით, შემოსულობების გეგმა კი 114.8%-ით, ხოლო 2016 წელს გადასახდელების გეგმა 87.3%-ით, შემოსულობების კი 124.7%-ით შესრულდა.

სწორედ ამ მიზეზს ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლება იმის საპასუხოდ, რომ მან 2 წელში 5 მილიონ ლარზე მეტი ვერ გახარჯა – ის ამბობს, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ფინანსური ნაშთის არსებობას დაგეგმილი შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება განაპირობებს. აუდიტის სამსახური კი ამბობს, რომ ამის მიზეზი ქონების გადასახადის მაჩვენებლის არასწორად დაგეგმვა.

უწყების ცნობით, 2011-2016 წლების ბიუჯეტების მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტი ქონების გადასახადის სახით, ყოველწლიურად 2.2 მილიონ ლარზე მეტს იღებდა, თუმცა, 2015-2016 წლებში მან, რატომღაც, ამ გადასახადიდან 1.5 მილიონი ლარის მიღება დაგეგმა.

როგორც აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ქონების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება ფინანსთა სამინისტრომ მოსთხოვა.

აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ანგარიშის პროექტის გაცნობის შემდეგ, აუდიტორებს დამატებით წარუდგინა ფინანსთა სამინისტროს წერილები. წერილების მიხედვით, სამინისტრომ მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ 2015 და 2016 წლებისათვის ქონების გადასახადის
სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 1,3 მილიონი ლარი იქნებოდა.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ამ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსთა სამინისტროს მიერ პროგნოზირებული მაჩვენებლები სარეკომენდაციო სახის იყო, მუნიციპალიტეტს შეეძლო, სამინისტროს წინადადება არ გაეზიარებინა და საკუთარი შემოსავლები წინა წლების მაჩვენებლების გათვალისწინებით დაეგეგმა.

“მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების დამტკიცებულ ბიუჯეტებში 11-11 ცვლილება განხორციელდა, მაგრამ თავდაპირველი ბიუჯეტით განსაზღვრული ქონების გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი არ დაკორექტირებულა”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განმარტებით, ქონების (მიწის) გადასახადის ძირითადი ნაწილის
შემოსვლა 15 ნოემბრისათვის ხდება და მისი ხარჯვა წლის ბოლომდე, თანხის დიდი ოდენობის გამო, შეუძლებელია. თუმცა, აუდიტის ჯგუფი არც ამ არგუმენტს ეთანხმება და წერს, რომ მუნიციპალიტეტს ნოემბერ-დეკემბერში ამ თანხების გახარჯვა შეეძლო.

“მუნიციპალიტეტისთვის წინასწარაა ცნობილი, რომ ნოემბერში ბიუჯეტში ქონების გადასახადის თანხები შემოვა. მან 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2,6 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,4 მილიონი ლარი დახარჯა. შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვის სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეეძლო, აღნიშნული რესურსი გამოეყენებინა ქონების გადასახადის შემოსვლამდე პერიოდში, ხოლო ბოლო ორ თვეში გასაწევი გადასახდელების დაფინანსებას მობილიზებული ქონების გადასახადით შეძლებდა. შესაძლებელი იყო, ასევე, მუნიციპალიტეტს დაეგეგმა დამატებითი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ანგარიშსწორება განხორციელდებოდა წლის ბოლო პერიოდში, ქონების გადასახადის მიღების შემდეგ”,  – წერია დასკვნაში.

უწყება მიიჩნევს, რომ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო
ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის გამოყენება. “აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. შედეგად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ სიკეთით, რაც, შესაძლოა, მიწოდებულ იქნას ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების დროული და ეფექტიანი გამოყენებით”, – ნათქვამია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს დედოფლისწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს
მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას.