კახეთის გუბერნატორს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

909

კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს ლეიბორისტული პარტიის რეგიონული ორგანიიზაციის ხელმძღანელი ნიკა ვარდოშვილი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

ვარდოშვილი ამბობს, რომ საწვავისთვის გამოყოფილი თანხა – 80 000 ლარი გუბერნატორის მიერ გაწეული საქმიანობისთვის შეუსაბამოა.

“სამხარეო ადმინისტრაციის ტენდერს რომ გადახედოთ, ვერ გაარჩევთ ეს კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობ მაგნატი. იმიტომ რომ გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი, რაც 40 ათასი ლიტრია. ამ საწვავით კახეთში ადამიანები უამრავ სავარგულს დაამუშავებდნენ და სარგებელს ნახავდნენ. არ ვიცი, სად უნდა იაროს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ალბათ დედამიწას სამჯერ დაარტყავს “კრუგს.”- განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.

ამ ბრალდებას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უპასუხეს.

“ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ეს არ არის შეძენილი, არამედ სახელშეკრულებო თანხაა, რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვიური გახარჯვის მიხედვით იქნება დაანგარიშებული. როგორც წესი, წლის ბოლოს გახარჯული თანხა უფრო ნაკლებია ხოლმე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელთან შედარებით ეს ლიმიტი არ გაზრდილა. თანხის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ტარიფები გაიზარდა. საწვავის ლიმიტი მინიმალური ფუნქციონირებისთვის არის გათვალისწინებული. გასულ წელსაც იგივე თანხა იყო დაგეგმილი, თუმცა 60 000 ლარი გაიხარჯა”,- თქვა გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო უტიაშვილმა.