7 მარტს თეთრიწყაროში ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი. შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, მოეწყო (RDFG) -ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.
ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, 2017 წელს დაიწყო ოთხწლიანი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ განხორციელება, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.