ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ავტომობილი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც “ნიუპრესი” წერს, სავარაუდოდ, გზაზე არსებული წყლის გუბეების გამო მძღოლმა ღია სანიაღვრე არხი ვერ შენიშნა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუჩაზე გზის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მის მოგვარებას მოითხოვენ.
ქუთაისში, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ თებერვლის დასაწყისში გაავრცელა. მერიაში განმარტავენ, რომ ავტომობილი ღია სანიაღვრე ქსელში ჩავარდა, რომლის მოწყობაც კომპანია “ეს ემ კას” პრეროგატივაა.
“ეს არის არა ორმო, არამედ ღია სანიაღვრე ქსელი, რომელიც უნდა მოეწყო კომპანია “ეს ემ კას”. რაც შეეხება უშუალოდ სამანქანო გზას, ამ ნაწილზე მერიის მიერ სამუშაოები გასულ თვეში განხორციელდა”, -განაცხადეს მერიაში.