რამდენი ლარით შეიძლება გაიზარდოს ბორჯომის მერიის სახელფასო ფონდი

597

წინა სტატია

5 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს მესამედ მიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც უკვე მესამე თვეა საკრებულოსგან უშედეგოდ ითხოვენ, ხელფასები არ იზრდება.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„ახალი საშტატო ნუსხის შემთხვევაში დანამატი და პრემიები აღარ იქნება. ყველაფერი ერთიანად ხელფასებში გაიწერება“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

გასულ წელს ბორჯომის გამგეობის სახელფასო ფონდი 1 290 200 ლარით იყო განსაზღრული. აქედან ხელფასების გასაცემად 902 200 ლარი გამოიყო, ასევე დარიგდა 149 200 ლარის პრემია და 103 300 ლარის დანამატი.

რაც შეეხება 2018 წელს, როგორც მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, წინა წლისგან გასხვავებით სახელფასო ფონდს 60 000 ლარი დაემატა და 1 350 200 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან 25 000 ლარი მერიაში ერთი ახალი შტატისთვის გაიწერა. აქამდე მერიას აუდიტის სამსახურის უფროსი არ ჰყავდა. თუმცა ამით, მერიაში შტატების მატება არ მომხდარა, რადგან ასევე ერთი თანამშრომელი, მერის მდივანი ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.

შედეგად, გასულ წელთან შედარებით, მერიაში სახელფასო ფონდი 35 000 ლარით იზრდება. მერიაში კი აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა მათი ინიციატივით არ მომხდარა.

„თანხის ოდენობა ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა. საფუძველი კი პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მიღებული კანონია. ამ კანონით ხელფასების კლება დაუშვებელია, უნდა მოხდეს მატება და სამაგიეროდ, აღარ გაიცემა პრემია–დანამატები“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოს აქ 2017 წელს სახელფასო ფონდი 460 000 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს ეს თანხა 490 000 ლარამდე გაიზარდა. საკრებულოს გასულ წელთან შედარებით ექვსი თანამშრომელი დაემატა და საშტატო ნუსხა 32–ით განისაზღვრა. საკრებულოსგან განსხვავებით არ გაზრდილა შტატების ოდენობა მერიაში, აქ 89 შტატია. საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით საკრებულოში ხელფასები რიგით თანამშრობლებს მოემატათ, რაც შეეხება თანამდებობის პირებს, მათი ხელფასები არ გაზრდილა.

საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა, სადაც ხელფასების მატების საკითხი უნდა განიხილონ ცხრა მარტს, 12:00 საათზე დანიშნა. დოკუმენტის მიხედვით მერიის თანამშრომლების გაზრდილი ხელფასები ასე გამოიყურება: მერის პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი, სამსახურების უფროსები – 2 000 ლარი, მერის ხელფასი კი ამჯერად უცვლელი დარჩა – ლევან ლიპარტია კვლავ 2650 ლარს მიიღებს.