ზურაბ ალავიძე: დეცენტრალიზაციის სტრატეგია 8 წელზე იქნება გათვლილი

1124

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია 8 წელზე იქნება გათვლილი. ამასთან ალავიძემ დეცენტრალიზაციის და გაძლიერების კუთხით თვითმმართველობის რეფორმის სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

“პირველ რიგში – მეტი საქმე და გაზრდილი პასუხისმგებლობა. მეორე – მეტი რესურსები და ფინანსების განაწილება. მესამე – გამჭირვალობა და გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი. ეს იქნება ქმედითი კონკრეტულ დროში, კონკრეტული დაფინანსებით. ამაზე ვმუშაობთ, პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც დონორი ორგანიზაციების უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები”, – განაცხადა ზურა ალავიძემ.

პარლამენტში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ხედვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე. 

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.