ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ფისკალური დეცენტრალიზაცია უნდა იყოს. მისი თქმით, ფისკალური დეცენტრალიზაციის შემდეგ, 2025 წლისთვის, მუნიციპალური შემოსავლები მშპ-სთან მიმართებით მინიმუმ 7% უნდა იყოს.
“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-იან მაჩვენებელზე, რაც, ერთგვარად, ევროპული მინიმუმია. ბუნებრივია, ეს ნორმატიული აქტით ან სხვა ფორმით მკაცრად განსაზღვრული არსად არის, თუმცა, თუ ჩვენ ავიღებთ ევროპულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ ევროპული ფისკალური დეცენტრალიზაციის ერთგვარი მინიმუმი 7%-ია. საუბარი მაქვს მთლიან შიდა პროდუქტთან ადგილობრივი შემოსავლების მიმართებაზე, რაც უნდა იყოს 7%.
ერთ-ერთი მთავაზი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი დავუახლოვოთ ევროპულს, რაც უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციის ზოგად მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.