საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის შესახებ კომენტარი გააკეთა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა. ელჩის თქმით, საქართველოს განვითარებისთვის ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ელის.
“ეს უშუალოდ ეხება ადამიანების ცხოვრების დონეს და კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს წინ მაშინ, როდესაც დეცენტრალიზაციის კონცეფციაზე მუშაობს. ეს ქმედით მექანიზმებს მისცემს თვითმმართველობის განვითარებას. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ფისკალური დეცენტრალიზაციაა, რაც თვითმმართველობისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8%-ის გადაცემას გულისხმობს”, – განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში, ნილ სკოტმა.
დეცენტრალიზაციის ხედვასთან დაკავშირებით შვეიცარია საქართველოს მხარს უჭერს. ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა მერგას ბენდეგერმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
“ამის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი და მდგრადი განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსები და შესაბამისი კომპეტენცია გადაეცეთ. ამ პროცესში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”, – განაცხადა მერგას ბენდეგერმა.
ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე ისაუბრა. მანამდე კი ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციის ზოგად მნიშვნელობაზე ილაპარაკა. პარლამენტში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. როგორც მოგვიანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მედიასთან განაცხადა, სტრატეგია 8 წელზე იქნება გათვლილი, თუმცა, თავად სტრატეგია ჯერ მზად არ არის.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.