ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტიც არის.
კალაძის თქმით, ის ყოველდღიურ საქმიანობაში ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს, “რადგან სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ერთხელ უკვე ძირეული რეფორმა განხორციელდა და ახლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ამ რეფორმების შედეგების გამყარება” – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტში ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.