გაბუნია: “ოცნება” არა ხელფასების გაზრდას, არამედ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდას ითხოვს

668

წინა სტატია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. მისი თქმით, ტყუილია, რომ “ქართული ოცნება” ბორჯომში ხელფასების გაზრდას ითხოვს და სიმართლე ისაა, რომ “ოცნება” ითხოვს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის რიგითმა საჯარო მოხელეებმა ხელფასი მიიღონ, რომლებსაც ოპოზიციის დესტრუქციის გამო, 3 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღიათ.

“მე მოვუწოდებ ბორჯომის ოპოზიციას, დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, იმიტომ, რომ ტრანსპორტის მოძრაობა, პედაგოგების ხელფასი, დამლაგებლების ხელფასი, ბორჯომელებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება პოლიტიკური პროცესების მიღმა დგას და ამ კინკლაობით, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს მთელს ქალაქს, არ უნდა დაზიანდეს ბორჯომელების ინტერესები”, – ამბობს გაბუნია.

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმებია მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.