ქედაში სასწავლო კურსი – “ქალ მეწარმეთა გაძლიერება ბიზნესის განსავითარებლად” ჩატარდა

786

ეროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ადგილობრივი მეწარმე ქალებისთვის სასწავლო კურსი – “ქალ მეწარმეთა გაძლიერება ბიზნესის განსავითარებლად” ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის – “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)” ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული.

პროექტი მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის ბიზნესის შექმნისა და განვითარების პროცესში დამატებითი შესაძლებლობების მოძიებისა და გამოყენების სწავლებას. სწავლება წარიმართა როგორც თეორიული მასალების, ისე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. კურსში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე არსებული მცირე საოჯახო ბიზნესების მქონე და, ასევე, მომავალმა მეწარმე ქალებმა.

CENN-ის მხარდაჭერით, კურსდამთავრებული ქალები მონაწილეობას მიიღებენ 8 მარტს ბათუმში დაგეგმილ „მეწარმე ქალთა ფორუმში“. ღონისძიება საქართველოსა და აჭარის სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება. ფორუმი დამატებითი დაფინანსების, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ წარმატებულ ქალ მეწარმეებთან შეხვედრის შესაძლებლობას დაეხმარება. ფორუმს ქედის მუნიციპალიტეტიდან ოცამდე მეწარმე ქალი დაესწრება.

პროექტი “ქედა ლიდერი” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.