სამეგრელოში მერქნული ბიომასის ბრიკეტების ქარხანა გაიხსნა

610

CENN-ის ინიციატივით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭრით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ბრიკეტების ქარხანა გაიხსნა.

ქარხანაში, რომელიც სააქციო საზოგადოება “მარანს” ეკუთვნის, ყოველწლიურად 1500-2000 ტონამდე ბრიკეტის დამზადება იგეგმება. თანამედროვე მყარი საწვავით, ძირითადად, ადგილობრივი და რეგიონული ბაზარი მომარაგდება. ახალ ქარხანაში ბრიკეტების წარმოება უკვე დაიწყო. მყარი ნარჩენის ბიომასისგან განახლებადი ენერგიის წარმოება თანდათანობით გაიზრდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და “მარანის” სანერგე მეურნეობის გაფართოების შესაბამისად.

სს “მარანის” წარმომადგენლის, ირაკლი ონოფრიშვილის გაცხადებით, “მარანს” უკვე აქვს საკუთარი სწრაფმზარდი ენერგეტიკული პლანტაცია, რომლებიც ახალი ქარხნის ნედლეულის ძირითადი წყარო გახდება, თუმცა, შესაძლებელია, ნედლეულის ნაწილი საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიებისგანაც შეიძინონ.

“ჩვენი პოტენციური მომხმარებელი, წინასწარი გათვლებით, ძირითადად, სკოლები და საბავშვო ბაღები იქნებიან. შეიძლება ჩვენი წარმოებული პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გავიდეს. სამომავლოდ დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რადგან მერქნული ბიომასის ბრიკეტები სულ უფრო პერსპექტიული გახდება და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებს ტყეების ჭრასაც. სხვათა შორის, გარდა ბრიკეტებისა, ჩვენს ქარხანას ასევე შეუძლია ე.წ. პალეტების წარმოებაც.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ორგანიზაცია CENN-ის დიდი წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში. სწორედ ეს ორგანიზაცია დაგვეხმარა იმაში, რომ ახმეტიდან მთელი ქარხანა სამეგრელოში გადაგვეტანა. ეს უნიკალური ქარხანა უკვე ავამუშავეთ, თუმცა, სრული დატვირთვით ის ნოემბრის ბოლოდან ამუშავდება. ჩვენი ბრიკეტები იქნება განსხვავებული, დამზადდება გერმანული ტექნოლოგიით და სრულ თანხვედრაში მოვა ევროკავშირის სტანდარტებთან. როგორც იცით, ქარხნის გადატანისა და ამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო ბრიკეტების ქარხნის მუშაობაზე და წარმოებაზე სპეციალიზებულმა უცხოელმა ექსპერტმა. რომ არა CENN, ეს მნიშვნელოვანი საქმე არ განხორციელდებოდა”, – ამბობს ირაკლი ონოფრიშვილი.

სათბობი შეშის დასამზადებლად ტყეების ჭარბი მოხმარება საქართველოსთვის უკვე ისტორიული პრობლემაა. შეშაზე არსებული მოთხოვნა რამდენჯერმე აჭარბებს მერქნის იმ მოცულობებს, რისი მოცემაც ტყეს ბუნებრივად შეუძლია. ამის მიუხედავად, ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი არაფერში გამოიყენება. ესაა უზარმაზარი ენერგეტიკული ღირებულების ბიომასა, რომელიც ტყეში ნადგურდება.

მდგრად ბიომასას მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები, უკვე დიდი ხანია, ეფექტიანად იყენებენ. ტყის ნარჩენი ბიომასის გარდა, ბრიკეტები მზადდება სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული მრეწველობის ნარჩენებიდან. ნედლეულის წყაროდ ასევე უნდა ჩაითვლოს მუნიციპალური ე. წ. “მწვანე ნარჩენების” წილი. ტყის შემთხვევაში, ჭრის შედეგად დარჩენილი ნარჩენისგან მზადდება ე.წ. თანამედროვე საწვავი, მათ შორის, ბრიკეტები, რომლებიც მაღალი კალორიულობით გამოირჩევა და მოსახმარადაც კომფორტულია.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის  – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის/Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.