ნინოწმინდის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პირდაპირი შესყიდვის ფორმით დაქირავებულ კომპანიებს დოკუმენტური დასაბუთების გარეშე აუნაზღაურა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.
უწყების ცნობით, 2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით გააფორმა 43
ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით – 469.0 ათასი ლარი.
“წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი მიმწოდებლებისგან არ ითხოვდა დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ და ანგარიშსწორებას ახორციელებდა წარმოდგენილი ფორმა №2-ების შესაბამისად. ამასთანავე, შესრულებული სამუშაოების აქტებისა და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვების მაჩვენებლების შედარებით ირკვევა, რომ სამუშაოების ერთეულის ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა და არ ასახავს ფაქტობრივად გადახდილ თანხებს.
გაწეული ხარჯის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა მოითხოვა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა. აღნიშნულით დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა, კერძოდ, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. შესაბამისად, 469.0 ათასი ლარი წარმოადგენს შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების
გარეშე ანაზღაურებულ ხარჯს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
უწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
“ამ მიზნით, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტი მოუწოდებს მუნიციპალიტეტს, გასული პერიოდის ხელშეკრულებებისათვის მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა.