შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორთან დავით ჩაჩანიძესთან, რომელსაც ახალციხის ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან, საპროცესო გარიგება გაფორმდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორ დავით ჩაჩანიძესთან საპროცესო გარიგება დაამტკიცა. მას სამი წლით პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარი ჯარიმა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედებოდა, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს.
საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს განხორციელებულ პროექტს ეხება. გამგეობამ ტენდერი 2015 წლის აგვისტოში ახალციხის სოფლების ჭვინთის, ტატანისისა და კლდის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოაცხადა. შპს „ნიუ პროჯექტმა“ ტენდერი 86 500 ლარად მოიგო. ამ თანხიდან კი 10 000 ლარი მიითვისა.