ხობის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სპორტის ოლიმპიური სახეობის (ძალოსნობა) პოპულარიზაციასა და ძალოსნობის დარბაზის გახსნას ითვალისწინებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ასევე ჩამოყალიბდება ძალოსნობის ჯგუფი, ახალგაზრდები მაღალ დონეზე მომზადდებიან და დარბაზები სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.
გარდა ამისა, ხობელი სპორტსმენები რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმებიან.
“თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას, გამოყოს თანხა მწვრთნელის შრომის ასანაზღაურებლად, ხოლო ფედერაცია უზრუნველჰყოფს დარბაზების აღჭურვას შესაბამისი სპორტული ინვენტარით. პირველ ეტაპზე, ძალოსნობის დარბაზისთვის შესაბამისი ფართი გამოიყოფა ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხობის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი გაიხსნება”,-წერია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.