ზუგდიდის მერიამ საქართველოს ფეხბურთის უსინათლოთა ნაკრების წევრს და ზუგდიდის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ბაჩუკი ხასაიას გამცილებელი დაუნიშნა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
„2 წელია ვითხოვ უსინათლოებისთვის მომვლელის დანიშვნას, უსინათლოთა კავშირის სახელით ვითხოვდი. მე ვითხოვდი მომვლელი დაენიშნათ იმისთვის, ვისაც ეს ეკუთვნოდა. დაახლოებით 15 ასეთი ადამიანია ზუგდიდის უსინათლოთა კავშირში. მერიაში ამას მომვლელს ეძახიან, თორემ მას გამცილებელი ჰქვია. გუშინ გადაწყდა, რომ მარტიდან მერია 100 ლარს გადაუხდის ადამიანს, ვინც ქუჩაში გადაადგილებაში დამეხმარება“, – ამბობს ბაჩუკი ხასაია.
ზუგდიდის მერიის სოციალური განყოფილების უფროსის გოგია რევიას განცხადებით, მერია უსინათლოებისთვის მომვლელის დანიშვნის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.
„ჩვენ მოგვმართა ბაჩუკი ხასაიამ მომვლელის დანიშვნის თაობაზე. მას ჰყავს მეუღლე, მაგრამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რის გამოც დავუნიშნეთ მომვლელი, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებაში დაეხმაროს. ამას გარდა, არის კიდევ რამდენიმე წინადადება, რომელსაც განვიხილავთ და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა.