სამხრეთ დაკოტას საზღვრიდან ხუთი მილის დაშორებით, ამერიკული შტატის, ნებრასკას შორეულ ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გრძელი გრუნტის გზა კვეთს მდელოებსა და ოქროსფერი ხორბლით მოფენილ მინდვრებს, შეგიძლიათ, იხილოთ მონოვი – ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ამ უცნაურ ქალაქზე და მის ერთადერთ მცხოვრებზე რეპორტაჟი ცოტა ხნის წინ bbc.travel-მა გამოაქვეყნა.
მიტოვებული ეკლესია, რომლის ცარიელი სკამებიც ახლა სავსეა ტრაქტორის საბურავებით, დგას ელევატორის მოპირდაპირედ. ბალახი და სარეველაა მოდებული სახლებზე, რომლებიც უპატრონობისგან დალპა და იშლება. შეთეთრებულ შენობაში კი 84 წლის ეილის ეილერი ღორის ოლადებს ამზადებს. შენობას აწერია: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონოვის ცნობილ ტავერნაში, სადაც ყველაზე ცივი ლუდია ქალაქში“.
როდესაც ეილერის ქმარი რუდი 2004 წელს გარდაიცვალა, მან არა მხოლოდ ტავერნა დაუტოვა ცოლს სამართავად, არამედ მთელი ქალაქიც. დღეს, აშშ-ს აღწერის მონაცემების მიხედვით, მონოვი არის ერთადერთი რეგისტრირებული ადგილი მთელს შტატებში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ეილერი კი ერთდროულად არის მერიც, კლერკიც, ხაზინადარიც, ბიბლიოთეკარიც, ბარმენიც, მეეზოვეც და ერთადერთი ადამიანიც, რომელიც დარჩენილია ამერიკის ამ ყველაზე პატარა ქალაქში.
ეილერის ცხოვრება, როგორც ქალაქი-მოჩვენების ერთადერთი მცოხვრების, მართლაც გამორჩეულია. ყოველ წელს ის ტოვებს საგადასახადო უწყებას ქალაქის ერთადერთ ბიზნეს-ობიექტში – თავისსავე ბარში, რეკლამირებას უწევს ქალაქის მერის არჩევნებს, შემდეგ კი საკუთარ თავს აძლევს ხმას. ის ვალდებულია, ყოველწლიურად შეადგინოს მუნიციპალური ბიუჯეტი იმისათვის, რომ სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოს. შემდეგ კი ყოველწლიურად 500 დოლარამდე გადასახადს უხდის საკუთარ ქალაქს იმისათვის, რომ მოაწესრიგოს გარეგანათების სამიოდე ლამპიონი და წყალი.
„როდესაც მე ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავ ალკოჰოლისა და თამბაქოს ლიცენზიისთვის, ისინი ამ მოთხოვნას ქალაქის ადმინისტრაციას უგზავნიან. ადმინისტრაცია კი მე ვარ. ასე რომ, მე ვიღებ ამ მოთხოვნას, როგორც ქალაქის ადმინისტრაცია, ხელს ვაწერ, როგორც კლერკი და ვაძლევ ნებართვას საკუთარ თავს, როგორც ბარის მეპატრონეს“, – ამბობს ეილერი.
ის, ასევე, აღწერს ცარიელ საცხოვრებელ სახლებს იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მოისურვებს, საცხოვრებლად გადავიდეს ერთ-ერთ ამ გაპარტახებულ სახლში და გააორმაგოს ქალაქის მოსახლეობა.
„მე ბედნიერი ვარ აქ. აქ გავიზარდე, მივეჩვიე ასე ცხოვრებას და ვიცი, რა მინდა. ამდენი წლის შემდეგ ძალიან რთულია, რამე შეცვალო“, – ამბობს ეილერი.
1930-იან წლებში მონოვი სიცოცხლით სავსე ქალაქი იყო. ქალაქში იყო მაღაზიები, რესტორნები და ციხეც კი. ეილერი ქალაქიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ფერმაში გაიზარდა. აქ, მონოვის ერთოთახიან სკოლაში გაიცნო თავისი მომავალი ქმარი რუდიც მაშინ, როცა ისინი დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ.
შემდეგ უკვე საშუალო სკოლაშიც, შვიდი მილის დაშორებით, ერთად დადიოდნენ. მოგვიანებით კი რუდი აშშ-ს საჰაერო ძალებში გაიწვიეს. სანამ ის საფრანგეთში მსახურობდა, ეილერი კანზას-სიტიში გაემგზავრა. „მე წავედი სამუშაოდ ავიაკომპანიაში. ვოცნებობდი, რომ ბორტგამცილებელი გამოვსულიყავი“, – ამბობს ეილერი.
თუმცა, 19 წლის ასაკში ის სახლში დაბრუნდა იმისათვის, რომ ცოლად გაყოლოდა რუდის და აღეზარდა ორი შვილი. როცა რუდი ელევატორში მუშაობდა, გაუჩნდა იდეა, რომ შეერემონტებინა ტავერნა, რომელიც ოდესღაც ეილერის მამას ეკუთვნოდა. ეილერი დათანხმდა და 1971 წელს ცოლ-ქმარმა ტავერნა გახსნა.
თუმცა, სწორედ მაშინ, როცა მონოვის ტავერნა ხელახლა გაიხსნა, ქალაქმა სწორედ მაშინ დაიწყო დაცლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფერმერული მეურნეობები შეირყა, რურალური ეკონომიკა ჩამოიშალა ამერიკის მთელს ტერიტორიაზე, მთელი თემები ამერიკის ცენტრალურ შტატში ქრებოდნენ.
ბოლო დაკრძალვა, რომელიც მონოვის ეკლესიაში გაიმართა, ეილერის მამის იყო 1960 წლის ბოლოს. შემდეგ, 1976-დან 1970 წლამდე, საფოსტო განყოფილება და უკანასკნელი სამი მაღაზიაც დაიხურა. შემდეგ კი, 1974 წელს, დაიხურა სკოლაც. ეილერის ორივე შვილი 1070-იანი წლების შუაგულს სამსახურის საძიებლად სხვა ქალაქებში წავიდა.
1980 წლისთვის ქალაქის მთელი მოსახლეობა მხოლოდ 18 ადამიანი იყო. ოცი წლის შემდეგ კი მონოვის ტავერნაში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა – რუდი და ეილერი. დღეს მონოვი არის გაერთიანებული სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ბოიდის ოლქში, ნებრასკას შტატში. ამ სამი ქალაქის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა კი 10 მცხოვრებს შეადგენს.
ეილერი მარტო ცხოვრობს, თუმცა, ის მარტოობას არასდროს განიცდის. ყოველ დილას, 9 საათზე, ის აღებს თავის ტავერნას იმისათვის, რომ 20-30 მილის დაშორებით მცხოვრები სტუმრები მიიღოს. ერთადერთი დღე, როცა ის ისვენებს, ორშაბათია. მისი ბარის ძირითადი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებსაც ეილერი მთელი ცხოვრებაა, იცნობს, თუმცა, მის ბარს სხვა არაერთი ვიზიტორიც სტუმრობს.
„ერთი დიდი ოჯახივით ვართ, – ამბობს ეილერი, რომელიც მეგობართან ერთად ბარში კროსვორდს ავსებს. „არიან მეოთხე, მეხუთე თაობის კლიენტები, რომლებიც ჩემს ტავერნაში დადიან. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანებს, რომლებსაც დაბადებიდან ვიცნობ, ახლა საკუთარი შვილები მოჰყავთ და მაცნობენ“.
როგორც ამერიკული სოფლების უმეტესი ბარები და რესტორნები, მონოვის ტავერნაც, თავისი არსით, საზოგადოების თავშეყრისა და ერთმანეთთან ურთიერთობის ადგილია. იმ დროს, როცა ეილერი ამზადებს ჰამბურგერსა თუ ჰოთ-დოგს სამზარეულოში, ბარის განცხადებების თეთრ დაფაზე ოჯახები აკრავენ განცხადებებს სკოლის დამთავრების შესახებ, ნათლობის მოსაწვევებსა და სადღესასწაულო ბარათებს. ადამიანები მოდიან აქ ბანქოს სათამაშოდაც და ეილერიც, როგორც წესი, ღამის ათის ნახევრამდე ბარს არ კეტავს.
„ხშირად მეკითხებიან, ვარ თუ არა მარტო. მე ვპასუხობ: ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მოდის და მიდის. მე ახლა თქვენ გსტუმრობთ“, – ამბობს ეილერი.
მონოვიში კიდევ ერთი საჯარო შენობა არსებობს, რომელიც ტავერნის მეზობლად, ეილერის სახლის გვერდით დგას. ეს არის რუდის ბიბლიოთეკა.
რუდის ძალიან უყვარდა კითხვა და როცა მიწას არ ამუშავებდა, ან ბარში სასმელს არ ასხამდა, სულ კითხულობდა. სიკვდილის წინ, 2004 წელს, გაამხილა, რომ ოცნებობდა, თავისი წიგნების კერძო კოლექციით საჯარო ბიბლიოთეკა მოეწყო. იდეის განხორციელებაც დაიწყო, თუმცა, ვეღარ დაასრულა – ის გარდაიცვალა. რამდენიმე თვეში მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა და ძმის შვილებმა რუდის ოცნებას ფრთები შეასხეს – შენობაში, სადაც მისი ბიბლიოთეკა უნდა განთავსებულიყო, ელექტროობა შეიყვანეს, ჭერიდან იატაკამდე თაროები მოაწყეს, ხელით მოხატეს და დააწერეს, რომ ეს რუდის ბიბლიოთეკაა.
დღეს შენობის გასაღები ტავერნაში კიდია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბიბლიოთეკის დათვალიერება. დაინტერესებული ადამიანები აქ ნახავენ ყველაფერს, გოეთედან დაწყებული, National Geographic-ის 1950 წლამდე გამოცემებით დამთავრებული.
ამერიკის შეერთებული შტატების საყოველთაო აღწერის თანახმად, როდესაც რუდი გარდაიცვალა, მონოვი, რომელშიც მანამდე 2 ადამიანი – რუდი და ეილერი ცხოვრობდნენ, მხოლოდ ერთი მცხოვრებიღა დარჩა. მას შემდეგ ეილერი და ქალაქი, სადაც ის ცხოვრობს, დიდი ყურადღების ქვეშ მოექცნენ.
დღეს, 14 წლის შემდეგ, ეილერს ტავერნაში ოთხი სასტუმრო წიგნი აქვს, რომლებიც სავსეა მთელი მსოფლიოდან ჩასული სტუმრების ჩანაწერებით.
„გულწრფელად გითხრათ, არასდროს მიფიქრია პოპულარობაზე, მაგრამ სასიამოვნოა, რომ დედამიწის ამ პატარა ნაწილმა ყურადღება მიიქცია“, – ამბობს ეილერი.
ორ შვილთან ერთად, ეილერს ხუთი შვილიშვილი და ორი შვითაშვილი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი ეილერთან ყველაზე ახლოს – 90 მილის დაშორებით ცხოვრობს, დანარჩენები კი არიზონაში, ნიდერლანდებსა და სხვა ადგილებში ცხოვრობენ.
„მე ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია წავიდე ჩემს შვილებთან და დავრჩე იქ, როცა მომინდება, მაგრამ შემდეგ მე მომიწევს, შევიძინო ახალი მეგობრები“, – ამბობს ეილერი – „სანამ აქ ყოფნა შემიძლია, ეს ის ადგილია, სადაც მე მართლაც მინდა, რომ ვიყო. ვფიქრობ, ასაკთან ერთად რთულია, შეცვალო შენი ჩვევები“.
ტავერნის გახსნიდან 12 საათის შემდეგ ბარში მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა – ეილერი ბარს კეტავს, ბრუნდება თავის საცხოვრებელში და რუდის ერთ-ერთი წიგნის კითხვას იწყებს. ღამის 11 საათისთვის ის დასაძინებლად ემზადება, თუმცა, ის ყოველთვის მზადაა, მიიღოს ნებისმიერი მეგობარი, რომელიც შორეული ხვალინდელი დღიდან შეიძლება მოვიდეს…
გამოყენებულია bbc.travel-ის ფოტოები