ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ისინი ავტოსადგურის მოწყობას ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან ერთად მათი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუაც იყო. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს გარკვეული პირები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
„თვითნებურად დასაქმებულ მძღოლებს გარკვეული პირები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ჯერ ვერ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუმცა ვფიქრობ საღამოს ამის შესახებ ისევ გავაკეთებ განცხადებას. მძღოლების მოთხოვნების შესახებ კი ამ ეტაპზე ოფიციალური წერილით მინდა მივმართო გუბერნატორის ადმინისტრაციას“, – განაცხადა თანდილა ჯოლოგუამ.
მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს. ისინი ახლად შექმნილი ავტოსადგურების დახურვას ითხოვდნენ.