2015 წელს გარდაბნის გამგებელმა დამატებითი ანაზღაურება 10-ჯერ, მოადგილეებმა კი 11-12-ჯერ აიღეს

987

“2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების დამატებითმა ანაზღაურებამ შეადგინა
1 311.9 ათასი ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს 72%-ია. ერთმა მოხელემ დამატებითი
ფინანსური და ანაზღაურება მიიღო 13-ჯერ, 16-მა მოხელემ – 12-ჯერ, 56-მა მოხელემ 11-ჯერ, ხოლო 102-მა
მოხელემ – 10-ჯერ. ერთ მოსამსახურეზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია წლიური
თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით, 3-მა მიიღო სარგოს 100%-ის, 12-მა – 90%-ზე მეტი
მოცულობით და ა.შ. საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და
აპარატის უფროსმა 2015 წელს დამატებითი ანაზღაურება მიიღეს 8-ჯერ, გამგებელმა – 10-ჯერ, გამგებლის მოადგილეებმა – 11-12-ჯერ”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში.

უწყება მუნიციპალიტეტს პრემიებისა და დანამატების არამართლზომიერად გაცემას ედავება. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტი პრემიებსა და დანამატებს, უმეტეს შემთხვევაში, დაუსაბუთებლად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გასცემდა.

“პრემიის, მათ შორის, ფულადი ჯილდოს სახით, 2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო
მოხელეებზე გაიცა 777.1 ათასი ლარი. პრემიების გაცემაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ გამოცემულია 34 ბრძანება. მათ შორის, 23 შემთხვევაში 522.0
ათასი ლარი საჯარო მოხელეებზე გაცემულია დაკისრებული მოვალეობის სანიმუშო
შესრულებისათვის, 4 შემთხვევაში 126.7 ათასი ლარი გაიცა სადღესასწაულო პრემიის სახით, ხოლო 7 სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას 128.4 ათასი ლარის პრემიის გაცემაზე”, – ნათქვამია დასკვნაში.

გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ დარღვეულია პრემიების გაცემის ჯერადობაც. კერძოდ კი, თუ პრემიის გაცემა წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ შეიძლება, მუნიციპალიტეტს მოსამსახურეებზე პრემია 5-ჯერ, 8-ჯერ და 9-ჯერაც აქვს გაცემული.

“საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში
დასაქმებულმა წლის განმავლობაში პრემია შესაძლებელია აიღოს არა უმეტეს 4-ჯერ. გარდაბნის
მუნიციპალიტეტმა 2015 წელს საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა არც პრემიების ჯერადობის მხრივ. კერძოდ, 2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 110 მოსამსახურეზე პრემია გაიცა 5-ჯერ და მეტჯერ, მათ შორის, 37 მოსამსახურეზე, წლის განმავლობაში პრემია გაიცა 8-ჯერ, ხოლო 1 მოსამსახურეზე – 9-ჯერ. 2016 წელს პრემიის, ფულადი ჯილდოსა და დანამატის სახით გაიცა სულ 779.1 ათასი ლარი, რაც
თანამდებობრივი სარგოს – 2 777.6 ათასი ლარის 28%-ია. 2 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში
პრემია გაიცა 6-ჯერ, ხოლო 13 მოსამსახურეზე – 5-ჯერ”, – ნათქვამია დასკვნაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს არ განუსაზღვრავს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების გაცემის წესი. საჯარო ფინანსების მართვის ერთიანი მიდგომიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს პრემიების გაცემის დროს უნდა გაეთვალისწინებინა კანონმდებლობით რეკომენდებული ზღვრული ნორმები, რაც არ განახორციელა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დანამატების საკითხსაც ეხება. უწყების ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, დანამატი მოხელეებზე გაცემულია შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე.

“2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე, გამგებლის ბრძანებების შესაბამისად, გაცემულია დანამატი 536.5 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის, 2015 წელს – 534.8 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს – 1.7 ათასი ლარი. 21 შემთხვევაში 24.3 ათასი ლარის დანამატი გაცემულია შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. 15 სამართლებრივ აქტში 512.2 ათასი ლარის დანამატის გაცემის მოტივად მითითებულია
სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს პრემიის და არა დანამატის გაცემის პირობას. ბრძანებები არ შეიცავს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურის ზეგანაკვეთური მუშაობის, საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის ან სხვა გარემოების შესახებ, გაცემის ობიექტური საჭიროება და მიზანშეწონილობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.