„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა თვითმმართველობის არჩევნებიდან გასული 100 დღე შეაჯამა. ინფორმაციას livepress-ი ავრცელებს.
ენმ-ის ცნობით, ზუგდიდის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა საერთო ჯამში 500-ით გაიზარდა და გახდა 2300. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თანამშრომლებზე გაცემულმა ხელფასმა შეადგინა მილიონ 500 ათას ლარზე მეტი.
„ეს მაშინ როდესაც ზუგდიდის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 108 ათასი ლარი წელიწადში, ანუ თითოე სოციალურად დაუცველზე ზუგდიდის ბიუჯეტი ითვალისწინებს 97 თეთრს“, – თქვა ანან წითლიძემ.
თანამშრომელთა ზრდის პარალელურად ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა, იმ კომპანიის მუშაობაზე, რომელსაც იჯარის წესით ზუგდიდში პარკირების მოწესრიგების მიზნით ფართობები გადაეცა. ანა წითლიძის თქმით, იმის გამო, რომ „თაუნ პარკმა“თავის დროს არ შეასრულა ფინანსური ვალდებულებები, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 70 ათასი ლარით იზარალა.
წითლიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა კომპანიის მიერ ტექნიკური თვალსაზრისით შეუსრულებელ ვალდებულებაზეც, რადგან ამ ეტაპზე პარკირების მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა, ამის მიუხედავად კი მოსახლეობას თანხას ახდევინებენ.
„ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების არ ჩატარების გამო კი მთლიანად განადგურებულია ინფრასქტრუტურა. 3000- 5000 მდე სამუშაო ადგილი რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დაასაქმებდა ამ ხელისუფლების პირობებში გაუქმდა. სამაგიეროდ 250 ათასი გვიჯდება შპს „ანაკლია განმუხურის“ შენახვა ბიუჯეტს, რომელიც არაფერს აკეთებს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ჟურნალისტებთან საპასუხო კომენტარი ზუგდიდის მერმა გააკეთა. ლაშა გოგიას განცხადებით, ანა წითლიძე არასწორ ინფორმაციას ფლობს, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობაზეც. მისი თქმით, მერიაში საერთო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა.
„გაერთიანების შემდეგ 61 ადამიანი დარჩა მერიის გარეთ და სადღაც 50-მდე თანამშრომლით, ზუსტი ციფრი არ ვიცი, შემცირდა ააიპ-ებში. ასე, რომ ქალბატონ ანის არასწორი ინფორმაცია გააჩნია“, – განმარტა მერმა.