ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ის გერბი აღადგინა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტს 2014 წლამდე, ანუ ქალაქისა და თემის გაყოფამდე ჰქონდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
თვითმმარველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და ახალციხის თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, მუნიციპალიტეტების ჰერალდიკურმა სიმბოლოებმა ძალა დაკარგა.
ამის შესახებ მერიას ჰერალდიკის საბჭომ აცნობა და იქვე რეკომენდაციაც მისცა, რომ შეუძლიათ თემისა და ქალაქის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები აღადგინონ.
ახალციხის თემს საკუთარი სიმბოლოები არ ჰქონია. თემი ქალაქთან ისე გაერთიანდა, რომ არა ერთხელ გამოცხადებული კონკურსის მიუხედავად, ვერც გერბი და ვერც დროშა ვერ დაამტკიცა.
„ქალაქს ჰქონდა თავისი გერბი, მაგრამ ის უკვე ისტორიას ჩაბარდა. საბჭოს რჩევა, ის გერბი აღვადგინოთ, რომელიც გაყოფამდე გვქონდა, ვფიქრობთ რომ კარგია. თემის გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი კონკურსის გამოცხადება არ მგონია ღირდეს. მერიასთან შევთანხმდით, ასევე გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და ძველ სიმბოლიკას აღვადგენთ“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან დღეს 15 თებერვალს, საკრებულოს დეპუტატებს აცნობა.