შუახევის სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

972

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო აბანოსთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია. ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

დასრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.