ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) ინფორმაციით, 2018 წელს მარტოხელა მშობლებს 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 31 მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
წლიური ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთვის კვლავაც არ აქვთ გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული. ამის შესახებ imedinews.ge წერს.
2017 წელს ფონდმა მუნიციპალიტეტებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციითაც მიმართა, რადგან რვა მათგანი (კახეთის, შიდა ქართლის და იმერეთის მასშტაბით) მხოლოდ მარტოხელა მშობლებს ეხმარებოდა. შვიდმა მათგანმა დისკრიმინაციული ჩანაწერი გამოასწორა.
2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტი ეხმარებოდა. 2018 წლიდან მათ რიცხვს შემდეგი 6 მუნიციპალიტეტი დაემატა:
- ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარის ოდენობით;
- წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარიანი ფულადი დახმარებით;
- ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
- კასპი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.
- ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
- ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.