400 მმ-იან მილს, რომელიც ქალაქ ახალციხესა და მის ორ სოფელში, მინაძესა და ჭაჭარაქში მცხოვრებლებს სასმელი წყლით ამარაგებს, მეწყერსაშიშ ზონაში მდებრეობის გამო ადგილს უცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოებს ისე დაგეგმავენ, რომ 7000–მდე აბონენტი უწყლოდ არ დარჩეს.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ხელშეკრულება შპს „რეკონსტრუქცია XXI“–ს ფილიალთან გააფორმა. კომპანია სამუშაოებს 167 765 ლარად შეასრულებს.
წყლის მილის მეწყერსაშიში ზონიდან გადასატანად კომპანია სამუშოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების პერიოდში ქალაქს წყლის მიწოდება არ შეეზღუდება: „ჯერ შემოვლითი გზა გაკეთდება და შემდეგ მოხდება გადაერთება“.
შეგახსენებთ, რომ გეოლოგიური კვლევის მიხედვით, ახალციხის ცენტრალური წყლის მილი მეწყერსაშიშ ზონაშია და შესაძლოა ნებისმიერ დროს გაწყდეს. თუ ეს ასე მოხდება, 7000–მდე აბონენტს უწყლოდ დარჩენა, ქალაქს კი ეპიდემიის გავრცელება ელის.