2018 წელს მარნეულში, რეგფონდიდან გაცემული თანხით, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

646

2018 წელს რეგფონდის დაფინანსებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება – ამისათვის 2 352 616 ლარია გათვალისწინებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაგრძელდება სოფელ ხანჯიგაზლოს გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი), რისთვისაც რეგფონდმა 81,267 გაითვალისწინა. ანალოგიური სამუშაო ჩატარდება სოფელ კაჩაგანში, რომლისთვისაც 203,862 ლარია გამოყოფილი, სოფელ მუღანლოში მსგავს სამუშაოზე კი რეგფონდიდან 129,228 ლარი დაიხარჯება. ამავე ფონდში გაითვალისწინეს 130,502 ლარი სოფელ ბაიდარის გზის რეაბილიტაციის II ეტაპისთვის, ხოლო სოფელ ქუთლიარში  ანალოგიური სამუშაოს ჩატარებას 225,623 ლარი მოხმარდება.

ამასთან, სოფელ ლეჟბადინის შიდა გზების რებილიტაციისთვის 264,667 ლარია გამოყოფილი, ხოლო სოფელ შაუმანის გზის რეაბილიტაციის II ეტაპისთვის – 225,080 ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ალგეთის გზის რეაბილიტაციაც მოხდება (II ეტაპი), რისთვისაც 169,899 ლარია გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე, აღნიშნული პროექტით სრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, 2018 წლის გეგმას კი მარნეულში, სოფელ დამია გეურარხის მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულებს, რისთვისაც რეგფონდმა 922,488 გაითვალისწინა.