ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტი 2 487 632 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თაია–ნაფიჩხოვოს დამაკავშირებელი გზის ასფალტ–ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც რეგფონდიდან 910,632 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან სოფელ ლესიჭინეში რუსთაველის უბნის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 570,000 ლარია გამოყოფილი.
ანალოგიური სამუშაო ჩატარდება დაბა ჩხოროწყუში საროდონაიოსა და საარახამიოს უბნებში გზის მონაკვეთზე, რისთვისაც რეგფონდში 389,500 ლარია გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია სოფელ ახუთის ცენტრიდან სოფელ ნოღას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რაზეც რეგფონდმა 427,500 ლარი გაითვალისწინა.
კეთილმოეწყობა დაბის ცენტრიც, რაც ითვალისწინებს სანიღვრე არხების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების, საგზაო შუქნიშნებისა და სკვერების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამისათვის კი სახელმწიფო ბიუჯეტში 190,000 ლარია გათვალისწინებული.