მარტვილის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 პროექტი 3 074 176 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 76,926 ლარით დაფინანსდება, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი კი – 403,750 ლარით.
ამასთან, სოფელ დოშაყესა და სოფელ დიდიჭყონის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდება, რისთვისაც რეგფონდიდან 475,000 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ ინჩხურის პატარა ინჩხურის უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა 598,500 ლარით დაფინანსდება.
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ ნაჯახაოში წმ. ბარბარეს ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები შესრულდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 570,000 ლარია გათვალისწინებული.
რეგფონდმა ასევე გაითვალისწინა 228,000 ლარი სოფელ თამაკონში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებისთვის. წელს აქ 1,1კილომეტრი სიგრძის გზა მოეწყობა.
რაც შეეხება ქალაქ მარტვილს, აქ საავტომობილო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 722,000 ლარი დაიხარჯება.