საბავშვო ბაღის მშენებლობა, გზების, ხიდებისა და სკვერების რეაბილიტაცია – რეგფონდიდან საჩხერის მუნიციპალიტეტს 3 548 432 ლარი გამოეყო

860

საჩხერის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ამ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 548 432 ლარია გამოყოფილი. პროექტები, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალბინიანი კორპუსების ეზოებისა და ხიდების რეაბილიტაციას მოხმარდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საჩხერეს ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება.

საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთაშია დაგეგმილი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 237,500 ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დაგეგმილია მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, რაზეც რეგფონდიდან 570,000 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ ხვანის გადასახვევიდან სოფელ ლიჩის ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 137,016 ლარი გამოიყოფა.

მოწესრიგდება სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზაც, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 194,750 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზასაც. ამისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 237,500 ლარია გათვალისწინებული. მოხდება, ასევე, სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის სალოცავისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციაც, რისთვისაც რეგფონდიდან 212,607 ლარი დაიხარჯება,

ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკისა და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე და მას ცენტრალური ბიუჯეტი 190,000 ლარით დააფინანსებს.

წელს საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქ საჩხერეშიც მოწესრიგდება. მოეწყობა, ასევე, კორპუსების შიდა ეზოები და მოწესრიგდება ფასადები. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ბამბეულის დასახლებაში, ეზოების კეთილმოწყობაზე რეგფონდიდან 343,900 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბამბეულის დასახლებაში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე, კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაზე – 85,975 ლარი.

ქალაქ საჩხერეში დაგეგმილი პროექტები დოსითეოს წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციით გაგრძელდება, რისთვისაც რეგფონდიდან 237,500 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ივ. გომართლის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის უკანა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 93,195 ლარია გამოყოფილი, ხოლო საჩხერეში თამარ მეფის ქუჩაზე ახალ დასახლებაში არსებული საავტომობილო გზების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობაზე – 316,936 ლარი.

ასევე საჩხერეში ს. დურმიშიძის ქუჩაზე, ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე, სკვერის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც რეგფონდიდან 137,016 ლარის გამოყოფაა განსაზღვრული.

2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასევე დაფინანსდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეებზე: შუშაზე და იზვარაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია, რისთვისაც 121,553 ლარია გათვალისწინებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.