თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად რეგფონდიდან 3.7 მილიონი ლარი გამოიყო

964

2018 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,745 508 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. რეგფონდიდან გამოყოფილი თანხები საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, დაგეგმილია ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელზეც რეგფონდიდან 475,000 ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება, ასევე, ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელი გზაც, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 235,757 ლარის დახარჯვაა განსაზღვრული.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ ეწერშიც და მის განხორციელებაზე რეგფონდიდან 343,263 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება, ასევე, თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც და მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 475,000 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აგრეთვე, რეაბილიტირდება გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზაც, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475,000 ლარი გამოიყოფა. მოწესრიგდება სოფელ რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში მდებარე საავტომობილო გზაც. გზის შესაკეთებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 384,665 ლარია გამოყოფილი.

დაგეგმილია, ასევე, ქალაქ თერჯოლაში, რობაქიძის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაც, რაც რეგფონდს 286,316 ლარი დაუჯდება.

რაც შეეხება წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტებს, მიმდინარე წელს სოფელ სიქთარვაში სასმელი წყლის მაგისტრალი მოეწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 213,750 ლარი გამოიყოფა.

წყლის სისტემის რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ ზედა სიმონეთშიც. პროექტის განსახორციელებლად რეგფონდიდან 519,507 ლარი დაიხარჯება.

განსახორციელებელ პროექტთა სიაშია, აგრეთვე, სოფელ ბარდუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 149,150 ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა იგეგმება. სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტს 188,100 ლარით დააფინანსებს.