ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს თავმჯდომარეების გარდა, თავმჯდომარის მოადგილეები ეყოლებათ და მათი ანაზღაურება 1000 ლარი იქნება. მრავალწევრიან ფრაქციას შეუძლია, არა ერთი, არამედ, ორი მოადგილეც აირჩიოს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საკრებულოს რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ ფრაქციებს, სადაც სამი წევრია, მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლება ეძლევათ. ხოლო, რომელ ფრაქციაშიც ცხრა წევრზე მეტია, შეუძლია ორი მოადგილე დაინიშნოს.
„საქართველოს ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, შეტანილია ცვლილება, სადაც საუბარია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, აქამდე ეს თანამდებობა არ იყო“, – განმარტა ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ კურტანიძემ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა: „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „მრეწველები“ და“მწვანეები“. ამ ხუთი ფრაქციიდან, ყველაზე მეტი, 16 წევრი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ჰყავს. სამ–სამი წევრი ჰყავთ „ევროპულ საქართველოს“ და „მწვანეებს“, ხუთი წევრია „კონსერვატორებში“, ხოლო ოთხი – „მრეწველებში“.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა “ევროპულმა საქართველომ და სხვა ფრაქციებმა.
გასული წლის 31 დეკემბერს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, ადგილობრივ საკრებულოებში ფრაქციებს, რომლებშიც, სულ მცირე, 5 წევრია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატი დაემატათ. ასევე, დაწესდა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობის ზედა ზღვარი – ის უნდა იყოს ერთ საკრებულოში არაუმეტეს ოთხისა.