საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საარჩევნო მედიაცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. თუმცა, გამონაკლისი იყო ხაშური, სადაც დღის ბოლოს პარტია „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის ინციდენტი მოხდა.
“სიტუაცია პოლიციის ჩარევით მალევე განიმუხტა, თუმცა, აუცილებელია ამ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე ცნობით, ოზურგეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა იმ ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევის პრობლემა, სადაც ამომრჩეველს ნათლად ჰქონდა გაკეთებული არჩევანი. “ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ოზურგეთის #59-ე ნასაკირალის უბანი, სადაც ხმის დათვლის პროცესში არეულობა იყო. განვითარებული მოვლენები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო შედეგები, ადგილი ჰქონდა სიტუაციის განზრახ არევის და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
მის თქმით, კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო უბნების გარეთ სიებით იდგნენ დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ, პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები), რომლებიც აღრიცხავდნენ უბნებზე მისულ ამომრჩეველს. ასევე, მთელი დღის მანძილზე რიგ საარჩევნო უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით ხდებოდა ამომრჩევლების მიყვანა.
საიას ცნობითვე, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით აღემატებოდა ამავე უბნებზე ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას (სულ 4 შემთხვევა), ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები.
ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე -12 საჩივარი, საარჩევნო ოლქში – 12 საჩივარი და 24 შენიშვნა დაწერეს.
ოლქში დაწერილი საჩივრებიდან 5 საჩივარი ბორჯომში დაიწერა, 4 – ოზურგეთში, ხოლო 3 – ყაზბეგში.
საჩივრები დაიწერა შემდეგ დარღვევებზე: საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების -10 ფაქტი; გაცემული ბიულეტენების მეტობა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში – 4 ფაქტი; გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა -3 ფაქტი; ამომრჩევლის ნების კონტროლი -10 ფაქტი; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა -1 ფაქტი; საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება -2 ფაქტი.