“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეფასებას. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა კვლევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესახებ, ამჯერად კი წარმოგიდგენთ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში შეწყვეტს არსებობას, რადგანაც საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად 12-დან 5-მდე შემცირდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, აღნიშნული ცვლილება შეეხო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსაც. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეწინააღმდეგებოდა თვითმმართველი ქალაქების შემცირების იდეას, თუმცა ჩვენი პოზიცია საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ არ გაიზიარა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობისას გამოვლენილი ხარვეზების, გამოწვევების, საკრებულოს წარმატებული აქტივობებისა და გამოცდილების გაზიარება/გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას, რომელიც უახლოეს ხანებში შეიკრიბება და გამართავს პირველ სხდომას.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
-
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ საზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;.
-
საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჩატარებულ სხდომათა (196) თითქმის 42% რიგგარეშე სხდომებზე მოდის;
-
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 696 სამართლებრივი აქტი მიიღო, რომელთაგან 551 აქტის ინიციატორი ქალაქ ზუგდიდის მერია, 155 აქტის ინიციატორი კი თავად საკრებულო იყო;
-
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებს შორის გამორჩეული იყო საჯაროობის, მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, საკრებულოს ვებ-გვერდი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2017 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევაში რეგიონში ყველაზე ინფორმაციულად და გამჭვირვალედ იქნა შეფასებული.
-
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შემთხვევაშიც პრობლემატურია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის არასრულად შევსება, სულ ასეთი ორი ფაქტი იქნა გამოვლენილი, კერძოდ – ბიზნესთან კავშირი აქვს ლევან კონჯარიასა (ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე) და თენგიზ ხარჩილავას (საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმდჯომარე), ასევე ორივე შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესინტერესები არ არის დეკლარაციაში ასახული;
-
საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით ჯამში 444 479 ლარი გაიცა; მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება პრემიის გაცემის წესის შესახებ, იგი არაერთ ხარვეზს შეიცავს და იძლევა პრემია/დანამატის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლობას, შესაბამისად პრემია/დანამატები უმეტეს შემთხვევაში გაიცემოდა არა რაიმე სახის კონკრეტული დამსახურებისათვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე;
-
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2015 წლის ოქტომბერში მიიღო ეთიკის კოდექსი, რომლითაც დადგენილ იქნა საკრებულოს წევრის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები. თუმცა საკვლევი პერიოდის განმავლობაში ეთიკის კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და მას კოდექსის მოთხოვნათა დაღვევის ფაქტი არ დაუდგენია.
კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთს.