თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა პროკურატურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა.
მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში მთლიანად 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება: აქედან ქვემო ქართლის რეგიონში − 7 საქმეზე, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე, აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში − 21 საქმეზე, კახეთში − 1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთში − 4 საქმეზე.
ანგარიშის თანახმად, 9 საქმეზე გამოძიება მტკიცებულების არარსებობის გამო შეწყდა, 3 საქმეზე კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ.
მთავარი პროკურატურის ანგარიშის გარდა, კომისიაზე ცესკო-ს ანგარიშიც მოისმინეს.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის წევრები შეთანხმდნენ, მომზადდეს და გამოიცეს რეკომენდაცია, სადაც ნათლად ჩამოყალიბდება, რომ ე.წ. სამაგიდო სიები არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა, მათ წარმომადგენელთა და სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ იმის გადასამოწმებლად, თუ ვინ იყო უბანზე მოსული და დააფიქსირა თავისი არჩევანი.
უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.