„ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ ე.წ. ოცნების ქალაქთან „ძველი ბიჭები“ არიან მობილიზებულები და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ

568

„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ე.წ. ოცნების ქალაქთან „ძველი ბიჭები“ არიან მობილიზებულები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ.

როგორც ჭეიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, „ძველ ბიჭებთან“ დაკავშირებით რიტორიკა ყოველ არჩევნებზეა, თუმცა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დადასტურდა.

„ყოველ წელს გვესმის, თითქოს „ძველი ბიჭებით“ და კრიმინალების დახმარებით ვიგებთ არჩევნებს და სხვა შემთხვევაში ფონს ვერ გავდივართ. არცერთი ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა. ეს არის ტყუილი. საერთოდ „ძველი ბიჭის“ დეფინიცია რა არის – როგორ აფასებთ, ძველი ბიჭია თუ კარგი ბიჭია? რა კრიტერიუმები გაქვთ. ეს არის ტყუილი და არცერთ არჩევნებზე ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა. ყველა არჩევნებზე არის ერთი და იგივე რიტორიკა, რომ პროცესში „ძველი ბიჭები“ არიან ჩართულები. ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

„არჩევნები ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოქალაქეებს მშვიდად შეუძლიათ საარჩევნო უბანზე გადაადგილება, მათ შორის გარე პერიმეტრზე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უბანს, სადაც ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. მაგალითად, აპარატს რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში აღმოიფხვრა“,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ ცესკო-ს მიერ ამომრჩევლისთვის კენჭისყრის პროცედურაზე ინსტრუქციის მიცემისას, ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატზე იყო მინიშნება, ჭეიშვილი ამბობს, რომ ეს ტყუილია და ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 30 დამკვირვებელია და ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო, საჩივარს დაწერდნენ და კომისიის ნებისმიერი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ჩვენი მხრიდან, გაძევებული იქნებოდა. ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა და თუ დადასტურდება, რეაგირება გვექნება“,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმყოფებიან, ჭეიშვილი ამბობს, რომ მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ.

„არჩევნები ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირი დაპირისპირება არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ დღის მეორე ნახევარში დესტრუქციებს აპირებენ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ პირწმინდად აქვს არჩევნები წაგებული. ამას ჩვენი და მათი კვლევებიც აჩვენებს. შესაბამისად, ჯერ პროცესს აკვირდებიან და ამიტომაა ბათუმში მთელი მეხუთე კოლონა მობილიზებული“,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.