შარაშენიძის შტაბი სიორიძის მომხრეებს მოსახლეობის დაშინებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს

847

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი ბეგლარ სიორიძის მომხრეებს მოსახლეობის დაშინებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით შარაშენიძის შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტში დამატებითი დამკვირვებლები მიავლინონ.

“ოზურგეთში, არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას, შეიქმნა საკმაოდ არაორდინარული სიტუაცია, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის კონკურენტის მომხრეთა მხრიდან მოსახლეობის დაშინება-დატერორებასა და მოსყიდვის მცდელობაში.

კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, იტალიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და ევროგაერთიანებაში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების საელჩოებს, აგრეთვე, ევროკომისიის მონიტორინგის ჯგუფს თხოვნით, რათა რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოყონ დამატებითი დამკვირვებლები, რომლებიც თავისი დასწრებით უზრუნველყოფენ რეგიონში არჩევნების რეალური პრინციპების დაცვით ჩატარებას.

საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში შტაბი გამოთქვამს მზაობას, წარადგინოს ფაქტობრივი დამადასტურებელი მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოზურგეთში 21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, რადგან კანონით დადგენილი 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა გადალახა. მუნიციპალიტეტში ოზურგეთის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერსაა დანიშნული. ერთმანეთს ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და ქალაქ ოზურგეთის მოქემდი მერი, “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე უპირისპირდებიან. პირველ ტურში სიორიძემ 43,35%, ხოლო შარაშენიძემ 41.86% დააგროვეს. ვარაუდობენ, რომ მეორე ტური მძაფრი და კონკურენტული იქნება.