ბორჯომში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნება

1250

ბორჯომში დღეს, მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შენობის გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები, იუსტიციის საბჭოს წევრები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შიდა ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები.

ბორჯომის მაგისტრატი სასამართლო, რომელიც განთავსებული იყო ძველი სასამართლოს შენობაში, 80-იანი წლების შემდგომ არ გარემონტებულა. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მომსახურება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ძველი შენობა მდებარეობდა ბორჯომის შემოსასვლელში, რაც არახელსაყრელ ადგილმდებარეობას ქმნიდა, როგორც სასამართლოსთვის ასევე მოქალაქეებისთვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მშენებლობა, რომელიც ტენდერით განსაზღვრულ ვადაზე ადრე 2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა.
მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბოლოო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 678129,87 (ექვსას სამოცდათვრამეტი ათას ასოცდაცხრა ლარი და 87 თეთრი) ლარი.
სასამართლო შენობის საერთო ფართი 520 კვ. მეტრს შეადგენს. სასამართლო სხდომის დარბაზთან ერთად მოწყობილია საკონფერენციო სივრცე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამართლეთა ტრეინინგები და სემინარები. ახალ შენობაში მოეწყო სასამართლოს აპარატისა და მოსამართლის სამუშაო ოთახები, საბადრაგო, არქივი, საქმის გასაცნობი ოთახი. სასამართლო შენობის შესასვლელის საერთო ნაწილი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარგებლობისათვის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო რწმუნებულმა და ბორჯომის გამგეობამ.
გახსნის ღონისძიებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი