ზაზა ჩაჩანიძე: თუ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ

1142

‘ამბობენ, რომ მე თუ ამირჩევთ, ბორჯომში ფული არ წამოვა. ბორჯომს თავისი ფული აქვს და თუ ვამბობთ, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ’ – „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ამომრჩეველს მეორე ტურში მხარდაჭერა სთხოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ, რომელიც ბორჯომის მერს არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან ლიპარტიას უპირისპირდება, დღეს, 27 ოქტომბერს, ბორჯომში, სპეციალური ბრიფინგი გამართა.

კანდიდატმა ამომრჩევლებს პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ვიცოდი, რომ ბორჯომში მაგარი ხალხი ცხოვრობდა და 21 ოქტომბერს მათ ეს დაამტკიცეს. ახლა მთელი საქართველო საუბრობს ბორჯომზე და მინდა, რომ მეორე ტურიც ასეთივე მაგარი იყოს. გვაქვს შანსი ავალაპარაკოთ მსოფლიო“.

ზაზა ჩაჩანიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ მოსაზრება, რომ თუ ბორჯომს ოპოზიციონერი მერი ეყოლება, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულს არ მიიღებს, მცდარია და ამ ფაქტს არ შეუშინდნენ: „ამბობენ, რომ თუ მე დამიჭერთ მხარს, ბორჯომში ფული არ წამოვა. ბორჯომს თავისი ფული აქვს და თუ ვამბობთ, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ. გპირდებით, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე“.

ბრიფინგს მერობის კანდიდატთან ერთად, პარტიის მაჟორიტარებიც ესწრებოდნენ. ისინი, რომლებმაც არჩევნებში გაიმარჯვეს და საკრებულოს წევრები ხდებიან.

„პირველ ტურში ვიცავდით ჩვენს ხმებს და გავედით კიდეც, ახლა გპირდებით, რომ ჩვენს ხმებს ათმაგად დავიცავთ. ჩვენი დაპირებები რომ განვახორციელოთ, აუცილებელია ზაზა ჩაჩანიძე იყოს ბორჯომის მერი“, – განაცხადა ერთ–ერთმა მაჟორიტარმა გიორგი გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლევან ლიპარტიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს ზაზა ჩაჩანიძეს შორის გაიმართება. „ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩევლის 40, 35 %, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა 40,15% მიიღო. ლიპარტიამ, ჩაჩანიძეს არჩევნების პირველ ტურში, 24 ხმით მოუგო.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე 

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე