საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის

926

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. საიამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი დღეს, 25 ოქტომბერს შეიტანა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივარში, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და იმ ბათილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს, რომელიც N4 დამალის საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა.
საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ N4 უბანზე 50 ბათილი ბიულეტენი აღმოჩნდა, რაზეც ორგანიზაციამ ასპინძის საარჩევნო ოლქში საჩივარი შეიტანა და მათი ხელახალი გადათვლა ითხოვა, რაც საოლქო კომისიამ 23 ოქტომბერს, განხილვისას არ დააკმაყოფილა.

„50 ბათილი ბიულეტენი, ეს უკვე დიდი რაოდენობაა, ამიტომ მათ ხელახალი გადათვლა და იმის გარკვევა გვინდოდა რატომ იყო გაბათილებული, თუმცა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ სასამართლოში ვიჩივლებთ“,–ამბობს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

N4–ე დამალის საარჩევნო უბანს ეხებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კიდევ ერთი საჩივარი, სადაც შემაჯამებელ ოქმს, ერთ–ერთი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლდა. ორგანიზაციამ დისციპლინარული პასუხისმგებლობა ხელფასის დაქვითით ითხოვა, რაც საოლქო კომისიამ სრულად დააკმაყოფილა.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისისამ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც N16 ტოლოშის უბანს ეხებოდა. აქ საკონტროლო ფურცლის შევსებისას, პირველი ამომრჩევლის რეგისტრაცის მისამართი იყო გამორჩენილი, რაზეც საიამ საარჩევნო ყუთების გახსნა და ფურცლის შევსება ითხოვა, თუმცა საოლქო კომისიამ, მხოლოდ საუბნო კომისიის მდივანის შენიშვნით შემოიფარგლა.

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთი საჩივარი პრტია „ევროპულმა საქართველომ“ N1 ასპინძის უბანზე დაწერა. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მერი გიორაძე აცხადებდა, რომ მის დედას ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოში იყო, კომისიის წევრებს შეუთანხმდა, ყუთი დღის ბოლომდე მიეტანათ, თუმცა კომისიის წევრება, ისე რომ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია, გადასატანი ყუთი 16:00 საათზე დალუქეს.

„წინასწარ შეთანხმების მიუხედავად ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა და პარტიამ რეაგირება მოხდინა, რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არ იყო ოქმში, ამიტომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა“,–ამბობენ „ევროპულ საქართველოში“.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისისაში სულ ოთხი საჩივარი შევიდა აქედან სამი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, ხოლო ერთი „ევროპული საქართველოდან“ იყო. ყველა მათგანი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ 23 ოქტომბერს განიხილა.