TI: ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს

470

ორწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ზესტაფონის მერიის თანამშრომელს მაია კახნიაშვილს მუნიციპალიტეტი სამსახურში აღდგენაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კახნიაშვილმა, რომელიც ზესტაფონის “დასუფთავების სერვის ცენტრის” უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, ორი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო და მათი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მერია გათავისუფლებულ თანამშრომელს უკან არ აბრუნებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ზესტაფონის მერიას მოუწოდებს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ირმა კახნიაშვილი აღადგინოს თანამდებობაზე, ასევე, აუნაზღაუროს განაცდური.

“ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი”, მაია კახნიაშვილის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს “ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს” აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირი სამსახურში და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური, საქართველოს პროკურატურამ კი შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მაია კახნიაშვილი თანამდებობიდან 2019 წლის 18 დეკემბერს გათავისუფლდა.

ზესტაფონის მერიაში განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.