ახალციხის ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს

533

ახალციხის ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ბაღების გაერთიანებამ გაასაჩივრა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ თანამშრომელს ბაღში ვერ აღადგენენ, ხოლო დარჩენილი პუნქტი კვლავ ძალაში დარჩა, იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაწესებულებას დაევალა. ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას სამსახურში არ აღდგენის შესახებ არ ეთანხმება. ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, ექვსი თვის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული აღმზრდელის, მარინა ლალუაშვილის სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ დაწესებულების საჩივარი მხოლოდ ერთ პუნქტში დააკმაყოფილა.

„ჩაგვბარდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ანუ ბათილად იქნება სკოლამდელი დაწესებულების 2021 წლის 26 მარტს დაწერილი ბრძანება (#108) საყვედურის გამოცხადების შესახებ, ასევე ბათილად ცნო და გაუქმდა 2021 წლის 4 ივნისი დირექტორის ბრძანება (#245) მარინა ლალუაშვილის გათავისუფლების შესახებ. მარინა ლალუაშვილის მოთხოვნა სამსახურში დაბრუნების შესახებ არ დააკმაყოფილა, მხოლოდ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა“,- ამბობს მარინა ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე.

როგორც ის აცხადებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარინა ლალუაშვილს გათავისუფლებიდან, საქმის დასრულებამდე, ააიპ ბაღების გაერთიანებას ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.

„მარინე ლალუაშვილის სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდურის, ანაზღაურება ყოველთვიურად 400 ლარის ხელზე ასაღები ოდენობის თანხა 2021 წლის 7 ივნისიდან  გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ასევე, დაწესებულებას დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილს ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაესში. მარინა ლალუაშვილის სასარგებლოდ დაწესებულებას დაეკისრა ადვოკატის ბაჟის გადახდის თანხები, ანუ რაც გადაიხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოში“,-  ამბობს ნინო დემეტრაძე.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, კანონით გათვალისწინებულ 21 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და მარინა ლალუაშვილის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

„როდესაც აპელაციამ გადაწყვეტილება გამოიტანა ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბაღების გაერთიანება აპელირებს იმაზე, რომ უკვე არსებობს დანიშნული პირი. ეს პოზიცია მათ პირველ ინსტანციაში შესაგებელი, რომ წარმოადგინეს  მაშინ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და დაფიქსირებული, მხოლოდ  საპაექრო, ეტაპზე წარმოადგინეს აღნიშნული გარემოება, რაც დაუშვებელია, ანუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთ რამეს, რომ პაექრობაზე გადასულები ვართ უკვე რაიმე ახალი გარემოება წარმოადგინონ, ისეთი რაც მათთვის უკვე ცნობილი იყო და შეეძლოთ შესაგებელში აღენიშნათ, აქედან გამომდინარე  აპელაციამ არასწორად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ უზენაესში,“- თქვა ადვოკატმა.

შეგახსნებთ, რომ N1 ბაგის აღმზრდელი, მარინა ლალუაშვილი სამსახურიდან მიმდინარე წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე ოთხი თვით ადრე კი საყვედური გამოუცხადეს.