რუსთავის მერი: წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო

247

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების გეგმას გაეცნო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია „რუსთავის წყალი“ 2022-2023 წლებში, რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კომპანიის სამომავლო გეგმები და კონკრეტული პროექტები, რუსთავის მერსა და სემეკის თავმჯდომარეს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ გააცნო.

„რუსთაველებს როგორც დავპირდით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. დღეისათვის შარტავას კვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, იმ გეგმით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას აქვს წარმოდგენილი, რუსთავში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, მარეგულირებელი კომისიის წევრები, კომპანია „რუსთავის წყლის” გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ინტენსიურად დაიწყო. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მხრიდან „რუსთავის წყალზე“ შესაბამისი დავალების მიცემა მოხდა, მარეგულირებელი კომისია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და GWP-ის ხელმძღვანელობასთან ერთად პერიოდულ მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებს, რათა დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციის შემდეგ, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, ნინო ლაცაბიძე და გიორგი დოხტურიშვილი, სემეკის და კომპანია „რუსთავის წყლის“, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შარტავას მოედანზე გაეცნენ.

„რუსთავის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა რუსთავის მერიისთვის მნიშვნელოვანი იყო. მერმა ეს საკითხი სემეკის წინაშე დააყენა და დავით ნარმანიას ჩართულობით, კომპანია პრობლემის გადაჭრის მიზნით, 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო გეგმის შესრულების შედეგად, რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, თემურ ჯანელიძის განცხადებით, გეგმის ფარგლებში მოხდება, როგორც მაგისტრალური მილსადენის შეცვლა, ასევე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

„შარტავას მოედანზე კომპანია „რუსთავის წყალმა“ 400 მმ-ნი 200 მეტრი სიგრძის ფოლადის მილების რეაბილიტაცია განახორციელა. წელს შარტავას მოედნის გარდა, დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის მოედნის მაგისტრალური ქსელის, ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები, რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება, 2023 წელს გაცილებით მასშტაბური იქნება და მხოლოდ ქსელების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 21 მილიონ ლარს დავხარჯავთ“, – განაცხადა კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

მერიის ინფორმაციითვე, 30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც რუსთავის წყალმომარაგების მასშტაბურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს და 2023 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების მონიტორინგს, რუსთავის მერი სემეკთან და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, პროექტის დასრულებამდე სისტემატურად განახორციელებს.